ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან მუჰაჯირად გადასახლებული ქართველების მეტყველების ფონეტიკურ - გრამატიკული თავისებურებანი
საკვანძო სიტყვები
ქართული სალიტერატურო ენა, დიალექტი, მუჰაჯირი, ფონეტიკურ-გრამატიკული, მაჭახლურიანოტაცია
ნაშრომში საუბარია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან მუჰაჯირად გადასახლებული ქართველების მეტყველების ფონეტიკურ-გრამატიკული თავისებურებების შესახებ. მიგვაჩნია, რომ მაჭახლური არის დამოუკიდებელი კილო. იგი შედის კლარჯულ კილოთა ჯგუფში, განსხვავდება იმერხეულისა და ნიგალურისგან. შესაბამისად, წარმოდგენილია როგორც ისტორიულ მიწა-წყალზე დასახლებული მოსახლეობის, ისე ამ სოფლებიდან თურქეთის შიდა რაიონებში გადასახლებული მუჰაჯირი ქართველების შთამომავლების მეტყველების ენობრივ-გრამატიკული თავისებურებები.
კვლევის პრობლემიდან გამომდინარე, ნაშრომში დეტალურად და სიღრმისეულადაა გაანალიზებული მუჰაჯირთა მეტყველებაში თავჩენილი ენობრივი თავისებურებანი. მსჯელობა, ძირითადად, ფონეტიკურ ნიუანსებსა და მეტყველების ნაწილების გამოყენებასთან დაკავშირებულ თავისებურებებზეა. ნაშრომში განხილულია მაჭახლურისთვის დამახასიათებელი ბგერითი სისტემა, ბგერის დაკარგვის, ბგერის გაჩენის, ასიმილაციის, დისიმილაციის ფონეტიკური თავისებურებანი. ასევე, გაანალიზებულია ზოგიერთი მორფოლოგიური თავისებურება. კერძოდ, სახელთა ბრუნებაში მომხდარი პროცესები და თანდებულის, ზმნიზედის, კავშირის, ნაწილაკის თავისებურებანი.
ნაშრომში მოცემულ მასალებზე დაყრდნობით, დასკვნის სახით, მოცემულია მსჯელობა იმ ენობრივი თავისებურებების შესახებ, რომლითაც მაჭახლური დანარჩენი კლარჯული დიალექტებისგან გამოირჩევა და დამოუკიდებელი კილოს შთაბეჭდილებას ქმნის.
ამდენად, მუჰაჯირი ქართველების ენამ დღემდე შეინარჩუნა თავისთავადობა, დამოუკიდებლობა. მათი მეტყველება საინტერესო ენობრივი ქსოვილია, რომელიც ცოცხლად წარმოგვიდგენს ამ ენის მატარებელი ქართველების საცხოვრებელი ადგილების მკვიდრთა ენობრივ სურათს. ამიტომ ლინგვისტური კვლევის საწარმოებლად მეტად ფასეულია მუჰაჯირი ქართველების მეტყველებაზე დაკვირვება და ზოგადენათმეცნიერული დასკვნების გამოტანა.